19-05-2021
ესპანეთში, მადრიდის „FITUR“-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა.
გამოფენაზე ესპანეთის სამეფო ოჯახის დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდა.
გამოფენაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით შეფუთულია მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები.
საინფორმაციო ბანერები განთავსდა ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც.
გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკანიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებიან.
„Fitur მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, აქ მონაწილეობა ტურიზმის ყველა ინდუსტრიის წარმომადგენლისათვის უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს არის პირველი გამოფენა ევროპაში, რომელიც რეალურ სივრცეში იმართება. გამოფენაში მონაწილეობით საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი შეხვედრებისა და ინტერნეტ სივრცის მიმართულებით, რაც გულისხმობს არამხოლოდ ონლაინ სივრცეში და სოციალურ ქსელებში ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებას, არამედ პრეზენტაციას და ბრენდირებას მთლიანი საგამოფენო სივრცეში. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პოსტ-კოვიდურ პერიოდში წარმოვაჩინოთ საქართველო ტურისტული პროდუქტებით, რაც კავშირშია უსაფრთხო მოგზაურობასთან, ეს არის სათავგადასავლო, ეკო, აგრო ტურიზმი, გასტრონომია და ღვინო.“ -აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.