21-05-2021
"შეზღუდვების შემსუბუქება იქნება საყურადღებო ტესტი, თუ როგორ გავითავისეთ ის უნარები, რაც პანდემიის სწორად მართვისთვის და ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი.
საკმარისი დრო გავიდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, იყო სირთულეები. სამწუხაროდ მსხვერპლის გარეშე ვერ გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.
დღეს მეტი ინფორმაცია არსებობს ვირუსის შესახებ, თუმცა მუტირებული შტამები დამატებით რისკებს მაინც ქმნის. საბედნიეროდ უკვე შექმნილია ვაქცინა. მართალია, მისი ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რადგან მიწოდება მკვეთრად ჩამორჩება მოთხოვნას, მაგრამ პროცესი თანდათან ძალას იკრებს, რაც იმედის მომცემია.
COVID 19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ბიზნესი, რასაც დროული რეანიმაცია სჭირდება, ეს კი თითოეული ჩვენგანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება. პირბადის მოხმარება, ჰიგიენური წესების დაცვა, ფიზიკური დისტანცია, ვაქცინაციასთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის უცვლელ იარაღად რჩება"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.