22-05-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ზურაბ სიჭინავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს, როზი პეტროვს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ საერთო პროექტების კოორდინირებული მართვა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით - ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს და მთავრობას აშშ-ს საელჩოს მეშვეობით, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის განვითარებაში.
,,კონტეინერების კონტროლის ერთობლივი პროგრამა ჩვენი უწყების მუდმივი მხარდამჭერია. თქვენი პროგრამისა და ევროკავშირის პარტნიორების დახმარებით ძირეულად შეიცვალა ექსპორტის კონტროლის სისტემა საქართველოში. ვსარგებლობ შემთხვევით და სამსახურის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენ გუნდს, ასევე შეერთებული შტატების ხალხსა და მთავრობას ამ უპრეცენდენტო და სტრატეგიული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საგამოძიებო სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
ერთობლივი პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია საერთაშორისო ტვირთების არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციულ მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გაცვლა.
ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდა.