გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი სენაკისა და ფოთის თეატრებს ესტუმრა

23-05-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სენაკსა და ფოთს ეწვია.

მინისტრი სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა, დაათვალიერა თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა და თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა თეატრის მსახიობთა დასს შესთავაზა, რომ თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რათა შემოსავლის მიღება დაიწყოს და მხარდაჭერა აღუთქვა თეატრის გახსნის ღონისძიების ორგანიზებასა და სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.

აღსანიშნავია, რომ ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით 2016-2020 წლებში აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა, ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო მცირე სცენა, რომელიც თეატრს მანამდე არ ჰქონდა. ასევე, რესტავრირდა და აღდგა კედლისა და ჭერის მხატვრობა.

ფოთში სტუმრობისას მინისტრმა დაათვალიერა ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობა, რომლის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიზეზით წლებია შენობაში წვიმის წყალი ჩადის და თეატრის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ თეატრი ფოთის ფოლკლორის ცენტრის შენობაშია შეხიზნული. თეა წულუკიანმა თეატრის შენობაში საპროექტო კომპანიასა და ფოთის მერთან გამართა შეხვედრა, სადაც შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს კომპანიას შენობის რეაბილიტაციის პროექტის შედგენის პროცესში, რათა უახლოეს პერიოდში შეიქმნას შენობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი. პროექტმა უნდა გაიაროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ფოთის თეატრს მისივე შენობაში დაბრუნების და მუშაობის საშუალება მიეცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930