24-05-2021
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც ქართული არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ის არის მაგალითი ყველასთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იღვაწო და იბრძოლო მისი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და როგორი შეურიგებელი იყო ოკუპაციასთან. საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას და საერთო ეროვნული ძალისხმევით ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, მხარს გვიჭერს მთელი ცივილიზებური სამყარო და ეს ბრძოლა ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. გენერალ კვინიტაძის მიზანი, რომელიც ერთიან და ძლიერ საქართველოს ეფუძნება, აუცილებლად იქნება მიღწეული", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
„წელს განსაკუთრებით ემოციურია 26 მაისი, რადგან საფრანგეთიდან ჩამოასვენეს ჩვენი სახელოვანი გენერალი, საქართველოსთვის თავდადებული გმირი, გიორგი კვინიტაძე. სიამაყის მომგვრელია მისი განვლილი ცხოვრების გზა, დამოუკიდებლობის იმ ორ წელიწადნახევარში ასეთი ოფიცრები და გენერლები გვყავდა. ყოველთვის ვოცნებობდი მის საფლავზე მისვლას და პატივის მიგებას და ახლა, პრადად ჩემთვის, დიდი პატივია რომ სამების ეკლესიაში მის ნეშტს თავი დავუხარო", - აღნიშნა კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.
გენერალი გიორგი კვინტრაძე საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს, 26 მაისს კი გენერლის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1919 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში გენერალი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა. იგი 1970 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა.