გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც

24-05-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის" პროექტი ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე გადის.


„თუმცა, ზოგადად, როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, მსგავსი პროცესები ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე, როგორც წესი, გარკვეული განმარტებების რეჟიმში, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს. ჩვენ, ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე - ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით, რა თქმა უნდა არა ქუჩაში, არა კარვებში და არა მეგაფონის მოშველიებით - ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე" - განაცხადა ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.


მინისტრის შეფასებით, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მითი ვრცელდებოდა პროექტის შესახებ და მთავრობა, ინვესტორთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს ეს მითები გააქარწყლოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას.

„ხელისუფლებამ პირველ რიგში შეთანხმებას მიაღწია კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალია ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი პლატფორმა, რომ მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი ასეთი პლატფორმაა ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ექსპერტთა საბჭოს შექმნა, როდესაც გაიხსნა ყველა კვლევა, დღესაც ჩართულები ვართ და ველოდებით ნებისმიერი ექპსერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკას, რეკომენდაციას, რომელთა რისი გათვალისწინებაც სავალდებული იქნება კომპანისთვის. მეორე ასევე ძალიან კარგი ფორმატი მათთვის, ვისაც მართლა უნდა, რომ მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და პროექტის სრულყოფა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს „ნამახვანჰესის" მშენებლობას, გამოიყენონ ეს ფორმატი" - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტივისტებს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რაც საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტის გზაა.

„რაც შეეხება ულტიმატუმებს და რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა, მათ შორის პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები. რა თქმა უნდა, ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც, განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება რაღაცის დაბლოკვის, გაჩერებისა თუ პარალიზების შესახებ" - აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930