24-05-2021
მიმდინარე წლის 29 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) ჩაატარებენ.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
მისამართი: ბათუმი; ტბელ აბუსერიძის ქ. N 11; 112-ის შენობა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღემდე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, 111 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 440 ბენეფიციარს.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.