25-05-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს - ნატოში ინტეგრაციას. მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (EOP) ფორმატი.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნას. მისი თქმით, ეს ახალი მექანიზმი დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორობას თავდაცვის უწყებებს შორის, კიდევ უფრო აქტიურს ხდის.
მთავრობის მეთაურმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს უკრაინის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას- ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობას. აღინიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის გააქტიურებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.