გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს

25-05-2021

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ანდრი ტარანმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მნიშვნელობა აღნიშნეს.

ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის ზრდა, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ.

26 მაისს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930