26-05-2021
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი სახელმწიფოსთვის. მთელი ჩვენს ისტორიის განმავლობაში, სამშობლოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იდეა წარმოადგენდა იმ მთავარ საყრდენს, რაზეც იდგა ქართველი ერი. ჩვენი გმირების თავისუფლებისათვის ბრძოლამ და თავდადებამ მოგვიტანა ყველაზე ძვირფასი - სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ეს დღე ასევე მინდა მივულოცო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს. ოკუპაციასთან შეურიგებლობის და თავისუფლების სიმბოლოა ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დღეს მივაბარებთ ქართულ მიწას.
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და საქართველო იქნება, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.