გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ულოცავს

26-05-2021

შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები, თავის მიმართვაში საქართველოს შემდეგი სიტყვებით ულოცავს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს:

„30 წლის წინ, 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი თანაქალაქელების სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დამოუკიდებლობის 30 წლისთავი თავის მხრივ ნიშნავს კარგი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოს და შვეიცარიის მეგობრობას კი ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. თითქმის 200 წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარი ფრედერიკ დუბუა პირველად გაემგზავრა საქართველოში. მასზე, როგორც სხვა ბევრ შვეიცარიელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ლანდშაფტმა და თვალუწვდენელი მთების სიმშვენიერემ. თქვენს ქვეყანაში შვეიცარიელები თავს როგორც სამშობლოში ისე გრძნობდნენ, მაგალითად, როგორც ტიჩინოში ან ვალისსში. საქართველოში პირველი შვეიცარიული თემი 160 წლის წინ დაფუძნდა თბილისის მიდამოებში, მისი წევრები იყვნენ მასწავლებლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები და ასევე ფერმერები. ცნობილია, რომ ყველის ქარხნული წარმოება საქართველოში შვეიცარიელებმა დაიწყეს.

დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს ნაყოფიერი და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის დაკისრებულ მედიატორის როლს რუსეთ-საქართველოს შორის. მივესალმებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში. მე უკვე გახლდით საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს ჩემზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარ-მასპინძლობამ, საქართველოს მდიდარმა კულტურამ და, რა თქმა უნდა, ღვინოც საუკეთესო მოგონებად მრჩება.

ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებმაც შვეიცარიაში მეორე სამშობლო იპოვეს ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. გულითად მოკითხვას ვუთვლი ამჟამად საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიის მოქალაქეებს" - ამბობს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანდრეას აები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930