26-05-2021
„ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მან ქართული ჯარის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს -ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს. მისი განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში ქართული ჯარი ქვეყნის დაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დღესაც მოქალაქეების მხრიდან უმაღლესი ნდობით სარგებლობს.
„საქართველოს თავდაცვის ძალები განვითარდა თანამედროვე და ბრძოლისუნარიან ძალად, რომელიც ყოველთვის მზად არის დაიცვას სამშობლო და იზრუნოს გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - აღნიშნა მან.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქართველი სამხედროების წვლილს გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძე განსაკუთრებულად მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. მინისტრმა პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მის დაცვას და საერთაშორისო მშვიდობას. „ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.