გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს

26-05-2021

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს.

კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება. სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „POSTV"-ის ეთერში ისაუბრა.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930