გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: OECD-ის „SME Policy Index"-ის რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა

28-05-2021

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის" წარმატებით განხორციელების შედეგია ის, რომ საქართველომ OECD-ის „SME Policy Index"-ის 2020 წლის რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. კვლევის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე - European Choice of the Georgian People - Challenges and Future Perspectives სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე 2021-2025 წლებისთვის. „ახალი სტრატეგია კვლავაც მუშავდება ევროკავშირის მხარდაჭერით, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი კვლავაც ეფუძნება „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის" უმთავრეს პრინციპს - „უპირველესად იფიქრე მცირეზე" (Think Small First). ამასთან, სტრატეგიაში გათვალისწინებულია "ევროპული მცირე ბიზნესის აქტის" ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების ზრდისა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია და მას სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში უაღრესად დიდი როლი აქვს.

გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეწარმეობის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლებიც "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, პროგრამამ მხარი დაუჭირა 808 პროექტს (592 საწარმო), რომელთა ჯამური ინვესტიცია 390 მლნ ევროს (1,6 მილიარდ ლარს) აღემატება და შედეგად, 22 506 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ სახელმწიფო პროგრამა „საკრედიტო - საგარანტიო სქემა". ეს პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სესხების გაადვილებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. სააგენტო საკრედიტო გარანტიას უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის ძირითადი თანხის 90%-მდე. ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაფორმებულია 200-ზე მეტი ხელშეკრულება (მათგან 191 გაფორმდა ახალი და 21 რესტრუქტურიზებული სესხების უზრუნველყოფისთვის. სესხის მთლიანი თანხა 44 მლნ ევროს შეადგენს (181 მლნ ლარი). გარდა ამისა, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ვახორციელებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 7 ათასი ევროს ოდენობით. პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%-ის ოდენობით," - განაცხადა გენადი არველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930