31-05-2021
„მინდა ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელ ღონისძიებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებიან. მინდა მათ ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის, ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პანდემიის პერიოდში ჩვენთვის აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან.
ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.
სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.