1-06-2021
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საბავშვო ბაღში მხიარული სტარტებით აღინიშნა. ერთმანეთს „ბზიკებისა“ და „ჭიამაიების“ გუნდები შეეჯიბრნენ და თამაში თანაბარი ქულებით დასრულდა, მონაწილე პატარებს კი მედლები და სიგელები გადაეცათ. შეჯიბრი სპორტული ინვენტარით სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა უზრუნველყო.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ნინო ლომიძე და ელენა ბეგიაშვილი დაესწრნენ.
დღესვე, სოფელ მუსხის საბავშვო ბაღს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა საჩუქრად მაცივარი, ხოლო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ელექტროქურა გადასცა.
გარდა ამისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახლაციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში შშმ ბავშვებისთვის საქველმოქმედო სეანსები გაიმართა. პატარების წინაშე წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კი, შშმ ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 77 ბავშვს ფულადი დახმარებაც გაუწია, თითოეულს 300 ლარის ოდენობთ.