2-06-2021
ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს.
„მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სტრატეგიული დონის საბჭოს შემდეგი შეხვედრა წელსვე გაიმართება, რომელზეც განვიხილავთ უკვე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე დავისახეთ მიზნად, რომ სავაჭრო ბრუნვა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, სავაჭრო ბრუნვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა და ბრუნვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა საკითხები.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის და ქვეყნის მისწრაფების მხარდაჭერისა - გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და სხვა საკითხებს, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას ეხება. ჩვენ ასევე სამმხრივი ფორმატის საკითხებიც განვიხილეთ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანთან ძალიან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან ინტენსიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.