2-06-2021
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მარეკ შჩიგელმა მაკა ბოჭორიშვილს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის მანდატის, აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული კუთხით.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე ვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაში და მადლობა გადაუხადა მისიას გაწეული ძალისხმევისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.