გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს კიდევ სამმა პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

2-06-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ სამმა პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღეს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა და იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამამ, რომელიც შპაიერის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

"FIBAA-ს აკრედიტაცია წინ გადადგმული ნაბიჯია ISET-ისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას "საჯარო მმართველობა" საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით, მიენიჭა.პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო" - აცხადებენ თსუ-ში.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930