5-06-2021
უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
უკრაინელი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.
დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.