7-06-2021
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის" ევროპული კომიტეტის წევრობის სამ კანდიდატს პარლამენტში კონკურსის წესით შეარჩევენ. აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, გივი მიქანაძემ გამოიტანა განსახილველად.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველო 1989 წელს შეუერთდა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის" 1987 წლის ევროპულ კონვენციას, რომლის მიხედვითაც დაარსდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის ევროპული კომიტეტი. კომიტეტი ვიზიტების საშუალებით, შეუზღუდავად ამოწმებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. კომიტეტი თითოეული ვიზიტის შემდეგ შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს.
კომიტეტის წევრებს ირჩევენ 4 წლის ვადით.
საქართველოს პარლმენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელების შედეგად პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი გახდება, კომიტეტის წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად დაამტკიცოს კონკურსის წესი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევას იმ ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც კონვენციით არის დადგენილი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას.