7-06-2021
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებული დოკუმენტი გააცნო ბიუროს წევრებს.
„პარლამენტის სახელით ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც ნატოში ჩვენს წევრობას აქვს"-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, განცხადებაში საუბარია, რამდენად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ნატოს წევრობა საქართველოსთვის; მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, განსაკუთრებით, საქართველოსთვის. ქართული მხარე მადლობას უხდის ნატოს და მის წევრ ქვეყნებს საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია პარტნიორობის გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად და მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქმეში, ხაზგასმულია ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავება.
„ვაცხადებთ, რომ საქართველოს ნატოში წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალით მივდივართ წინ", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, პლენარული სესიის მსვლელობის დროს ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება ხელი მოაწეროს მას.
„კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და ნამდვილად არის ის, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ", -მოუწოდა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.