8-06-2021
„20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგების ანალიზის საფუძველზე, კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ ისეთი პრობლემური საკითხები არ გამოკვეთილა, რომლებსაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც მივიღეთ გადაწყვეტილება მოვიწვიოთ კონკრეტული საარჩევნო უბნების წარმომადგენლები და მათგან მივიღოთ დამატებითი ახსნა-განმარტებები", - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
14 ივნისიდან, კომისიის სხდომებზე მოწვეულნი იქნებიან მარნეულის 89-ე, გურჯაანის მე-3, ვაკის 41-ე და ნაძალადევის 66- საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეები, კომისიების მდივნები, რეგისტრატორები და იმ ოლქების საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, რომელ ოლქებსაც ეს უბნები მიეკუთვნება.
კომისიის წევრები, ასევე მოუსმენენ ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მდივანს, რეგისტრატორებს და ვაკის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარეს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ერთ-ერთ სხდომაზე მოწვეული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასევე, იმ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყველაზე ბევრი დამკვირვებელი ჰყავდათ და რომელთა საჩივრებზე დაყრდნობით მოხდა ბიულეტენების ხელახალი გადათვლა.
ეს ორგანიზაციებია: „სამართლიანი არჩევნები", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო" და „მრავალეროვანი საქართველო".
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებითა, ამ ეტაპისთვის იგეგმება 33 პირისგან ახსნა-განმარტების მიღება, თუმცა აღნიშნულ პირთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც გამოკითხვის პროცესი დაიწყება.
ვინაიდან დროებით საგამოძიებო კომისიას საქმიანობის მანდატი 17 ივნისს ეწურება, კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდეს.
საკითხი ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება, ხოლო შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.