8-06-2021
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და მერის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ კახა კალაძის მიერ წარდგენილი გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია შეაფასა და თბილისის მერს გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მაია ბითაძის განცხადებით, გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე ჩატარებული სამუშაოები მერის მიერ წინასაარჩევნო დაპირების წარმატებით შესრულების თვალსაჩინო მაგალითია.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული გამწვანებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობა დედაქალაქში საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
„ძალიან თვალსაჩინოა ის შედეგები, რასაც კახა კალაძემ და მისმა გუნდმა თბილისში ამ ბოლოს სამი წლის განმავლობაში მიაღწიეს. საარჩევნო პროგრამის შესრულების თვალსაჩინო მაგალითია ის 100 ჰა ფართობზე მეტი გამწვანებული სივრცე დედაქალაქში. თბილისში ჩატარდა არა მხოლოდ გამწვანების სამუშაოები, არამედ ბევრი სხვა სამუშაო, მათ შორის, სამშენებლო ნარჩენების, ინერტული ნარჩენების რეგულირება, ნიადაგის დაცვის ღონისძიებები, რამაც თბილისში ჰაერის მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების საკითხი, ერთი მხრივ, დაარეგულირა, მეორე მხრივ, ვიზუალურად გაალამაზა დედაქალაქი.
მთლიანობაში ამ მასშტაბის ღონისძიებები მთლიანად ქალაქში არ ჩატარებულა 60 წლის განმავლობაში. 60-ზე მეტი გამწვანებული კუნძული, რეკრეაციული ზონები, პარკები სკვერები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედაქალაქში შენდება რამდენიმე ახალი საქალაქო პარკი, დიღმის ჭალებში, თემქის ხევში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. ამასთან, აღსანიშნავია თბილისის ტყის დაცვისა და მოვლის ღონისძიებები, მებაღის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ბევრია ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც კახა კალაძემ განახორციელა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ასრულებს მერი წინასაარჩევნო პროგრამას, მეორე მხრივ, მან საფუძველი ჩაუყარა გარემოს დაცვის მიმართულებით მთელ რიგ რეფორმებს, რომელიც თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან და რომლის ეფექტი პირდაპირ აისახება ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა ამ რეფორმებზე. მადლობა თითოეულ თანამშრომელს გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის მიმართულებით, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დღესდღეობით, დედაქალაქში საგრძნობლად გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.