გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გამართა

9-06-2021

საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლების და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი და მოადგილე თამარ ტალიაშვილი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია ეწვია უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.

კურსდამთავრებულებმა დაასრულეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამები: კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია და კომპიუტერული მეცნიერებები.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და ქართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო ახალგაზრდებო, მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მოგილოცოთ სწავლის დასრულება. თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და სიახლეებით აღსავსე ეტაპი იწყება, წარმატებები ამ გზაზე! მინდა გისურვოთ წინსვლა და ბევრი საინტერესო შესაძლებლობა ცხოვრებაში. მჯერა, ამ შესაძლებლობებს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებთ და თქვენი ცოდნით მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მეამაყება, რომ ასეთი წარმატებულები და ნიჭიერები ხართ!

თქვენ განსაკუთრებულ დროს – კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოგიხდათ სწავლა, რამაც, ვფიქრობ, გამორჩეულებად გაქციათ: თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა“.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსაც შეეხო, რომელიც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა განათლების სისტემისთვის და აღნიშნა, რომ მათი დაძლევა ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს – ამერიკელ ხალხს, მთავრობასა და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მისთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, ძალიან ძვირფასი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ითვალისწინებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას ახალი მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ SDSU-საქართველოს კურსდამთავრებულთა 43% უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს. გარდა ამისა, წლევანდელ კურსდამთავრებულთა 37% გოგონაა, რაც უნივერსიტეტის მიერ STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. შედეგად, ამ დროიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში უკვე 250 კურსდამთავრებული ჰყავს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ს აკრედიტაციის მოპოვებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის. თსუ-ს სამმა პროგრამამ უკვე მიიღო საერთაშორისო ABET და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების აკრედიტაცია. სამომავლოდ, STEM-ის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარი. თანამშრომლობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობა აქვთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930