გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა

9-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალთან ერთად, ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გახსნა, რა დროსაც საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

„მოგესალმებით მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ქუთაისს სულ მალე, ერთ წელიწადში ექნება თანამედროვე სტანდარტების ოლიმპიური აუზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქუთაისისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენებისთვის. მე ვიცი, რომ ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ქუთაისმა ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, წყალბურთელი აჩუქა ჩვენს ქვყანას, ამიტომ, ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართვლოში, რომელიც აქტიურად გვეხმარება ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. გარდა ქუთაისისა, ჩვენ ასეთი დონის აუზს ავაშენებთ ასევე ზუგდიდში, ახალციხეში და რუსთავში. მე მჯერა, რომ სულ მალე ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება აქ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს - პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება. ოთხივე სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ასევე ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930