გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

9-06-2021

„ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს - უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით. ასევე ზრდის პროცესი გვაქვს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
მინისტრის ინფორმაციით, მიმართულებების და ქალაქების მიხედვით, 2019 წლის მაისის და 2021 წლის მაისის ფრენების რაოდენობის შედარება თუ მოხდება, უკვე 65%-ით არის აღდგენილი. „ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზრდას. მთლიანობაში, იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რაც კეთდება გლობალურად ტურიზმის აღდგენის კუთხით და მათ შორის საქართველოში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ბაზარი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე 2023 წელს შევძლებთ, გადავასწროთ პანდემიამდელ დონეს მგზავრთნაკადის მომსახურების და მგზავრების მასპინძლობის თვალსაზრისით ყველა ჩვენი აეროპორტის მიხედვით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ არამარტო ვერ შეძლო, რომ არსებული კომპანიების ფრენების აღდგენა შეეფერხებინა, არამედ საქართველოს ცაში ახალი კომპანიები გამოჩნდა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს დღეებში ორი ახალი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ფრენებს - Eurowings და Bees Airline, ასევე ავიაკომპანია OMAN AIR. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ფრენები პოლონურმა LOT-მა, ასევე Bees Airline -მა, Air Astana-მ და FlyOne-მა.

„ეს პროცესი შემდგომშიც გრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპტიმიზმი, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა აღდგება 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი თავიდან; რომ ტურიზმი აღდგება სულ მცირე ნახევარ დონეზე, რაც იყო 2019 წელს, დამყარებულია ჩვენს ძალიან რეალისტურ ნაბიჯებზე, ჩვენს პოლიტიკაზე და ეს სწორედ ასე იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930