11-06-2021
საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.