გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა

12-06-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კემლინ ფურლესთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და საქართველოში მყოფ ლტოლვილთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის არაერთ მხარდასაჭერ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა ბენეფიციარებს ქართული ენის ერთწლიან კურსს სთავაზობს, რაც მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ეხმარება. 2015 წლიდან დღემდე პროგრამით 221-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
ქართული ენის სწავლების მიმართულებით მხარეებმა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც UNHCR-თან თანამშრომლობით არაერთ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, „ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით“ და „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა“, რომლებიც ბენეფიციარებს ქართული ენის შესწავლასა და ადაპტაციაში ეხმარება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოზეც, რაც ლტოლვილებსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს საშუალებას მისცემს, ჩაირიცხონ ერთწლიან მოსამზადებელ ქართულენოვან პროგრამაზე და სწავლა ბაკალავრის საფეხურზე განაგრძონ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს იმ სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისთვის, სადაც ბენეფიციარებისათვის ქართული ენის გაკვეთილები ტარდება.

ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში იოჰან ფრანცი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სალომე ქუსიკაშვილი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი (UNHCR) მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ჰუმანიტარული სააგენტოა, რომელიც 1950 წელს დაარსდა და დღესდღეობით 134 ქვეყანას მოიცავს. ორგანიზაციის მიზანია, როგორც ლტოლვილთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა დახმარება, ასევე, იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა განათლების უფლების დაცვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს და მას შემდეგ სახელმწიფოს აქტიურად უწყობს ხელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930