13-06-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დელა ტორე ხელმძღვანელობდა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებთან ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა და მათ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა ადელა დელა ტორეს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის სურვილი უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა გამოთქვა. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი. იგი იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.