გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა წამყვანი სპიკერის სტატუსით მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

14-06-2021

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

„მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930