18-06-2021
„20 ივნისის ღამეს ვინც იყო „თვალთხარია“, ეს იყო ნიკანორ მელია და იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.
მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარიაზე იყო ამორალური შტურმი და ასეთ დროს ბუნებრივია, გუნდის წევრების ვალია, თანაგუნდელი დაიცვან.
„გიორგი გახარია 18 თებერვლამდე იყო გუნდის ერთ-ერთი წევრი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და რა თქმა უნდა, როდესაც გუნდურობაზეა საუბარი, გუნდის ერთმა წევრმა მეორე ყოველთვის უნდა დაიცვას. ეს არის მარტივი წესი არა მარტო პოლიტიკაში. გუნდის წევრები ერთმანეთს იცავენ და მე განსაკუთრებით მყარად მივყვები ხოლმე ამ წესს, როდესაც თანაგუნდელებს ეხება საქმე. ეს არის ჩემი პოზიცია. მითუმეტეს, რომ 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია იყო ამორალური თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან. თქვენ გახსოვთ ტერმინები - თვალთხარია და ა.შ. გახსოვთ, რომ იქ ერთერთი ე.წ. უფლებადამცველი მისი მობილურის ნომერს აცხადებდა აქციაზე, გახსოვთ სპეციალურად მასზე შექმნილი სიმღერა, თითქოს გახარიას უხარია ვიღაცის თვალების დათხრა. ეს იყო ამორალური შტურმი გახარიას წინააღმდეგ და ასეთ დროს ჩვენი მორალური და პოლიტიკური ვალი იყო, რომ ის ჩვენ უნდა დაგვეცვა. 20 ივნისის ღამეს ვინც იყო „თვალთხარია“, ეს იყო ნიკანორ მელია და ის იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.