გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დროებითი საგამოძიებო კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების, საოლქო კომისიის თავმჯდომარის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს მოისმენს

18-06-2021

„მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დიდი დისბალანსი დაფიქსირდა. თავიდან ეწერათ, რომ ხელმოწერებთან შედარებით 83 ბიულეტენით ნაკლები იყო. გადათვლის შედეგად კი დადგინდა, რომ 85 ბიულეტენით ნაკლებია. ჩვენი მთავარი შეკითხვაა - სად წავიდა ეს ბიულეტენები?!",- განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საგამოძიებო კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენს.

დღესვე, კომისია მოისმენს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო", „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოზიციებს, მათ ანგარიშებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაინტერესებს მათი შეფასებები და რეკომენდაციები. მათ ანგარიშებში იკითხება სავარაუდო მოსყიდვის, სავარაუდო ძალადობის, სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და გვაინტერესებს რეალურად თუ აქვთ მათ ამის კონკრეტული მტკიცებულებები", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ასევე საინტერესოა დავებთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციების პოზიცია, რადგან მათივე ანგარიშებში იკითხება, რომ საჩივრების 67% პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილი იყო ან ვადის დარღვევით ან არაუფლებამოსილი პირების მიერ.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიისთვის საინტერესოა მათი შეფასება, ხომ არ იყო ეს ხელოვნურად რაოდენობაზე ორიენტირებული იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეჩვენებინათ, რომ იყო ბევრი საჩივრები, მაგრამ არ მოხდა მათი შინაარსობრივად განხილვა", - აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განხორციელების ყველაზე დიდი გამოცდილების გამო და ასევე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს სწორედ მათ ჰყავდათ ყველაზე მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930