18-06-2021
როდესაც 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურ ოპონენტს უსმენ, თან ამ ოპონენტის არასრულწლოვან შვილს, ეს მიუთითებს შიშის როგორი ქაოტური განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს,- ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასული ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.
როგორც ღუდუშაური ამბობს, საუბრის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.
„ეს არის ამოკრებილი, დამახინჯებული, მოდელირებული ვერსია, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას და შეეცადნენ კონკრეტული პირები, საზოგადოებაში შეექმნათ ცრუ განცდები იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს ჩადიოდნენ. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს იყო მორიგ ჯერზე მათი მოდელირებული, დამონტაჟებული ვერსია, რომ საზოგადოებ მუდმივად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფონ",- განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.