18-06-2021
პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა.
„ყველას კარგად გვახსოვს, რომ საუბარი იყო დამატებით თანამშრომლობაზე, თუმცა არ იყო მზაობა იმ დონის და ფორმის, რომ შესაბამისი ჩანაწერები პროკურატურისთვის მიეცათ. როგორც ჩანს, პროკურატურამ არსებულ მასალებზე დაყრდნობით გამოკვეთა, რომ ეს იყო ფაბრიკაცია, მონტაჟი. არ ვარ, პროკურორი და გამომძიებელი, რომ კონკრეტული საკითხების შეფასება დავიწყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, როგორიც იყო არასრულწლოვანი პირის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უკანონო მიყურადება, ყოვლად გაუმართლებელი, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა. „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები აგრძელებენ იგივე უკანონო მეთოდების გამოყენებას, ახლა სხვა ფორმით. თუ მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ არის, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუკვეთონ, ექსპერტიზა ჩაატარონ და შესაძლებლობა მისცენ საზოგადოებას, რომ ექსპერტიზა ჩაატარონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.
როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ტელეფონებზე მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რედაქტირების შემდეგ მიღებულია შეცვლილი შინაარსის აუდიო ჩანაწერები.