19-06-2021
ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.
გასვლითი სხდომის ფარგლებში დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებმა ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.
საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფლების კუმურდოს და გოგაშენის საბავშვო ბაღების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და სოფლებში ჩუნჩხა, ტენა, დელისკარი მიმდინარე საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს.
„რეგიონული პოლიტიკის გასვლითი კომიტეტის სხდომის ფარგლებში დავათვალიერეთ ჯავახეთის ინფრასტრუქტურული პროექტები. ორივე მუნიციპალიტეტში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, 100-მდე კილომეტრი გზა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მნიშვნელობის. ძალიან ბევრი ახალი სკოლა და ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ჩუნჩხის საშუალო სკოლაში, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ორი სოფლის შუაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 31 აღსაზრდელია ამ წუთისთვის და ეს მართლა დიდი სიხარულია ამ ბავშვებისთვის",-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.