20-06-2021
ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს 12 სხვადასხვა მიმართულება იყო მიმოხილული, ძალიან კონკრეტული შედეგებით.
„მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის თუ როგორი ეკონომიკური ზრდა გვექნება ჩვენი რეფორმებისა და ჩვენი ძალისხმევის შედეგად, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის შედეგად სიღარიბის დაძლევა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა იყოს არა უბრალოდ ზრდისთვის, არამედ იყოს ინკლუზიური და აისახოს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, 10-წლიან გეგმაში ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება - სამინისტროს პროგრამების ახალი პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება.
„პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამები გვაქვს დამუშავებული, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს. დღეს პირველი მოსმენა გაიმართა, წარვდექით ჩვენი კოლეგების წინაშე, შემდეგ ეს პროცესი გაიშლება, ჩავრთავთ საერთაშორისო ექსპერტებს, პარლამენტს და სექტემბრისთვის საბოლოო დოკუმენტი დაიდება. თუმცა, დაველოდოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რა დროსაც პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იქნება დაანონსებული და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის და ტურიზმისთვის, მათ შორის აგროტურიზმისთვის", – განაცხადა ნათია თურნავამ.