21-06-2021
21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღედ გამოცხადდა.
„ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ, წარმატებით გაეგრძელებინოთ ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო საქმიანობა. საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" უზრუნველყოფს, საქართველოს საზღვაო პოლიტიკის განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილია" - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს ჰიდროგრაფიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების განვითარების, ისე კადრების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით - დაიწყო ქართული საზღვაო-სანავიგაციო რუკების წარმოება, რომელიც შეტანილ იქნა მსოფლიო რუკათა კატალოგში და მიენიჭა საერთაშორისო ნუმერაცია, ქართული საზღვაო რუკები ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მასშტაბით.
ნათია თურნავას განცხადებით, ჰიდროგრაფიის სამსახური აღიჭურვა მცურავი საშუალებებით, ასევე განვითარდა საზღვაო კარტოგრაფია და მეტეოროლოგია. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები აღიჭურვა მსოფლიო სტანდარტების სანავიგაციო ნიშნებით. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ შუქურებს ბათუმსა და ფოთში, რაც მნიშვნელოვანია არამარტო სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ქვეყნასა და რეგიონში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ჰიდროგრაფიის სამსახურის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისგან დაცვასთან.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ჰიდროგრაფიის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს და საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დაარსებიდან ას წლისთავს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.