21-06-2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.
კახა კუჭავას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატოში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამოწვევებთან ბრძოლაში, საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ნატოს შავი ზღვის სტრატეგიას, ნატოს სამიტსა და გზავნილებს.
როზარია პულისის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსი მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს.
კახა კუჭავამ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
როზარია პულისის განცხადებით, ოფისი საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მხარდაჭერას გააგრძელებს.