22-06-2021
„8 წელია ვეგუებით მუდმივად სიცრუეზე აპელირებას და ამდენ სიცრუეში იკარგება ის მცირე სიმართლეც, რასაც ხანდახან ამბობთ ხოლმე; ვეგუებით ნაცმოძრაობის მხრიდან მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე საუბარს, რაც ძალიან დიდი ტოლერანტობაა ჩვენი მხრიდან, დამერწმუნეთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ფორმატში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ჩამოდის, მეორადი ჰოლანდიური ავტობუსებისგან განსხვავებით, რომელიც ნაცმოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩამოიყვანა.
„თითქოს ვერ არჩევთ, რა კომპლექტაციის ავტობუსს რა ფასი შეიძლება ჰქონდეს და 200 000 ევრო შეიძლება ღირდეს ყველანაირ კომფორტს მოკლებული ავტობუსი, ხოლო 60 000 ევროთი მეტი შეიძლება ღირდეს სრული კომპლექტაციის მქონე. ვეგუებით ამის მოსმენას, რადგან თქვენი უფლებაა, მაგრამ ისეთ აშკარა ტყუილს რომ იტყვით, ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს 1500 ლარი ჰქონდა, ხოლო ახალ მიკროავტობუსს რომ ყიდულობს კომპანია, მერია ეხმარება და შემოსავალი 800 ლარი გაუხდაო, აუცილებლად მიიღებთ შესაბამის პასუხს", - მიმართა ბექა დავითულიანმა საპარლამენტო ოპოზიციას.