გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: მივმართავ მოსახლეობას, არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა - წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% ვაქცინირებული გვეყოლება და პანდემია დაძლეული იქნება

22-06-2021

მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე - რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული და საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არასაკმარისია.

“ პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, ვაქცინაცია, პლუს ეფექტიური ანტივირუსული მედიკამენტი უნდა შეიქმნას. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც უფრო ფართომასშტაბის იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე, დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს. ეს შეფერხება და დაგვიანება უახლოვდება ფინიშს. ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში უწყვეტი ნაკადების სახით დაიწყებს შემოდინებას ვაქცინების დიდი რაოდენობა. არათუ ასეთი შეფერხება არ იქნება, არამედ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება, ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

მან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხებით მოწოდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები რამდენიმე დღეში ჩამოვა საქართველოში და „პრობლემა არ იქნება“

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 100-120 პირს შეექმნა შეფერხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისას.

„„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით გაკეთებაში შეფერხება გამოიწვია ტექნიკურმა ფაქტორმა, ვაქცინა შეძენილია, მისი ტრანსპორტირება სამი დღის წინ უნდა მომხდარიყო, შესაბამისად, ყველაფერი გათვლილი იყო, რომ გეგმის მიხედვით წარიმართებოდა.

რამდენადაც მე ვიცი, გადაზიდვის პრობლემა იყო. ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, ვერ აღმოჩნდა თვითმფრინავის რეისზე. ამან გამოიწვია იმ რამდენიმე ათეული, თუ ასამდე პაციენტის შეფერხება, რომელიც უნდა აცრილიყო „ასტრაზენეკათი“. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღეში ჩამოვა ეს პარტია, საკმაოდ დიდი პარტიაა, 43 ათასი დოზაა, პრობლემა არ იქნება“,-აღნიშნავს ცერცვაძე.

ცნობისთვის, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930