გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებული იაპონური ცენტრი გახსნა

23-06-2021

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მოგილოცოთ იაპონიის ცენტრის გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინდა გამოვყო თანამშრომლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA), რომელთან ერთად ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და რომელიც აქტიურად შემოვა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში“.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იაპონური ცენტრის არსებობას უნივერსიტეტის სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელს უწყობს იაპონიის უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობას, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მდიდარი კულტურისა და იაპონური ენის შესწავლას. ასევე, აძლიერებს, ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იაპონიის ელჩთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იაპონიის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველოლოგიური ცენტრების დასაარსებლად. მისი თქმით, იაპონელებს ქართული ენის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესწავლის დიდი ინტერესი აქვთ და იმედი გამოთქვა, რომ ქართველოლოგიური ცენტრების არსებობა ამ ინტერესის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონურ ცენტრს იაპონიის მთავრობის გრასრუტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადმოეცა ტექნიკა და თანამედროვე სასწავლო ლიტერატურა „ნიპპონ ძაიდანისგან“, ცენტრი ასევე სრულად აღიჭურვა ავეჯით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონური ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 2001 წელს საქართველოში იაპონურის შესწავლის პირველი კერა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო, რომელიც 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.


2017 წელს იაპონურის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნდა და ყოველწლიურად განსხვავებული პროფესიის ასეულობით სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, შეისწავლოს როგორც იაპონური ენა, ასევე იაპონოლოგიასთან დაკავშირებული არაერთი სხვა საგანი (ისტორია, კულტურა და სხვა). ცენტრის აღჭურვა იაპონიის მთავრობის გრასრუტის საგრანტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს უნივერსიტეტსა და საელჩოს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930