გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

23-06-2021

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების „SkyUp" - ის, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა" და „ბელავიას" ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებისა და განახლებული საექსპლუატაციო პირობების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიებთან შეხვედრების პარალელურად. მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.

"ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„კოვიდ-ის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. იმედს ვიქონიებთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს და მოკლე ვადაში დავინახავთ როგორც გაზრდილ სიხშირეებს, ასევე ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგის მდგრად და სტაბილურ განვითარებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930