23-06-2021
„არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების გვერდის ავლით, უკანონოდ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ“ - ამის შესახებ გნცხადებას პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.
„მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას!
ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!“- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.