24-06-2021
„საქართველოს სულ მალე ექნება მობილური იუსტიციის სახლები", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26-ე იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა. გარდაბანში საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
„სულ მალე ჩვენ დავიწყებით ახალ პროექტს – „მობილური იუსტიციის სახლი". სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომელთა მიღებაც მას იუსტიციის სახლებში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ სერვისს მიაწვდის ყველას და ამ მომსახურებით ისარგებლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე სტუმრები", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო კეთილგანწყობილია და მისი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული.
გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.