24-06-2021
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations" ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია ჰოლდინგმა „Meininger" საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა.
კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა.
შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger"-ის ჟურნალის „Weinwirtschaft" ივნისის ნომერში. მედია-ჰოლდინგის კიდევ ერთ ჟურნალში „Sommelier" სტატია სექტემბერის ნომერში გამოქვეყნდება.
კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო. საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედია პლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა - იმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, ქართული ღვინოები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 4%). 2021 წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 314 ათასი ბოთლი, ზრდამ, გასული წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23% შეადგინა.