25-06-2021
„მომავალ კვირას მივიღებთ საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
კახა კუჭავამ სამუშაო ჯგუფს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონშემოქმედებით პროცესში მნიშვნელოვანია კონსტრუქციულობა.
„გუშინ განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კრიტიკის, დისკუსიის მოსმენა, რაც ყველაზე მთავარია, კონსტრუქციულობის ნახვა, რომელიც ნამდვილად გვესაჭიროება, თუ გვინდა, რომ კონსენსუსით მივიღოთ კანონები. არ შემიძლია, არ გამოვყო და განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო შალვა პაპუაშვილს და ლევან იოსელიანს, რომლებმაც ამ კანონპროექტზე მუშაობა, ამ რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყეს. მედიის და საზოგადოების ყურადღება პარლამენტის მიმართ ძირითადად მიპყრობილია, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხმაურია, თუმცა, ხშირად იკარგება ის დიდი სამუშაო, რომელიც ტარდება ხოლმე და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად დაუღალავი შრომით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვასრულებთ ამ კანონის მიღებას. გარკვეული საკითხებია დარჩენილი, რედაქციული ცვლილებები და მესამე მოსმენით ჩვენ მომავალ კვირას მივიღებთ ამ ნამდვილად მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ შეცვლის მიდგომას და აღარ იქნება საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები",- განაცხადა კახა კუჭავამ.