26-06-2021
ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის მომზადებაში ვაპირებთ ჩავრთოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, ექსპერტები, მათ შორის პარლამენტი და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, თუ გაქვთ სურვილი, თქვენც გექნებათ საშუალება ჩაერთოთ ამ პროცესში და მოვისმინოთ თქვენი შეფასებები და შენიშვნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი სექტემბრის ბოლოს იქნება მზად, რომელიც იქნება რეალისტური და ყოველ წელს უნდა მოხდეს გეგმის შესრულების მკაცრი კონტროლი.
„მთავარი იდეა და მიზანი ამ გეგმის არის შემდეგი - ზოგადად დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა არსებობდა, რომ ქვეყანას არ გააჩნდა და არ გააჩნია გრძელვადიანი განვითარების გეგმა. რაზეც ყველანი, პოზიცია და ოპოზიცია შევთანხმდებით, რომ ასე უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.
მთავარი იდეა, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ერთად, მეგობრებო, მათ შორის თქვენც ოპოზიცის წარმომადგენლებო, თუ ჩაერთვებით ამ პროცესში, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ა.შ.
ეს პროცესი ჩვენ შემდეგნაირად გვაქვს დანახული, დაპირებისამებრ, გარდა იმისა, რომ პირველადი დოკუმენტი უკვე მზად არის ამ გეგმის, სამინისტროებს დამუშავებული აქვთ უკვე აღნიშნული გეგმები. ახლა ჩვენ ვაპირებთ ჩავრთოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, ექსპერტები, მათ შორის პარლამენტი იქნება აქტიურად წარმოდგენილი და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, თუ გაქვთ სურვილი, თქვენც გექნებათ საშუალება ჩაერთოთ ამ პროცესში და მოვისმინოთ თქვენი შეფასებები და შენიშვნები და სექტემბრის ბოლოს დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება რეალისტური და არა რაღაც პოპულისტური, როგორიც არა ერთხელ გვინახავს.
ამის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ყოველ წელს უნდა მოხდეს შესრულების, ეფექტიანობის შემოწმება, მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი, იმპლემენტაციის ამ გეგმის. ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, შეიძლება მოხდეს ამის განახლება და 2030 უნდა იყოს ძირითადი სამიზნე, რაც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი მიღწევების", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.