26-06-2021
თქვენი გუნდისგან განსხვავებით, მე ყოველთვის, როდესაც ვდგამ ნაბიჯს, ან ვაკეთებ განცხადებას, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებზე; არასოდეს არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, თქვენგან განსხვავებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც იმ დროს, იმ კონკრეტულ მომენტში დააზიანებდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ეს არის მთავარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ ხატია დეკანოიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობაა ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას დახვდა.
„თქვენ ვერ დაიცავით და ვერ დაიცავთ ჩვენს მოსახლეობას. თქვენ იყავით ხელისუფლებაში 9 წელი, დაანგრიეთ ეს ქვეყანა, დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა გაჩუმდით და დაგველოდეთ ჩვენ. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ ვმართავთ. დაწყნარდით. თქვენ გეყოთ გამბედაობა? რუსეთს რომ ტერიტორიების 20% ჩააბარეთ, ეგ არის გამბედაობა? თუ ის არის გამბედაობა, რომ ხელი მოაწერეთ მოღალატეობრივ, კაპიტულანტურ განცხადებას. ომის შემდეგ, ამ ხალხმა ხელი მოაწერა კაპიტულანტურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ რეზოლუციას, სადაც ესენი წერენ, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომიო. არც მაინტერესებს თქვენი პასუხები. თქვენ იყავით ხელისუფლებაში, დაანგრიეთ, დაკარგეთ ტერიტორიები. ეს მძიმე მემკვიდრეობა თქვენ დაგვიტოვეთ, ამიტომ ახლა ჩვენ გვაცადეთ მუშაობა, ვიცით, რას ვაკეთებთ. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული იყო და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იყო. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მე გადმომეცა, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ევროინტეგრაცია, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ნატოში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. თქვენ ამ მიმართულებით არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა ოკუპაციისა და თქვენს მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა. გაეცით პასუხი მოსახლეობას - რატომ გადაეცით სტრატეგიული ობიექტები რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ? უამრავი ენერგეტიკული სტრატეგიული ობიექტი გადაეცით რუსეთს. მაგის შემდეგ თქვენი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და თქვა, ფულს სუნი არ აქვსო, რომ გაემართლებინა რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები ომის შემდეგ. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო საერთოდ?", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.