26-06-2021
მუსლიმ თემთან ვმეგობრობ, კიდევ ერთხელ მინდა, რომ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა მათ კონკრეტული საქმით და შედეგებით და არა მხოლოდ საუბრით, მათთვის ძალიან ბევრი გამიკეთებია და ძალიან ბევრს გავაკეთებ- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმი თემის შესახებ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის მიერ დასმულ შეკითხვას.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი პრემიერობის დროს ბათუმში მუსლიმი თემისთვის მთავრობამ 5 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო, დაწყებული იყო მუფტისთვის ცალკე რეზიდენციის და სასწავლების შექმნაზე მუშაობა და ეს პროექტები გაგრძელდება.
"მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, მე მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებდი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმით ჩვენს მუსლიმ თემს. მე მათთან მქონდა და მაქვს არა ერთი შეხვედრა, საუბრები, დისკუსია, კონკრეტულ საქმეებს ვწყვეტთ და ვუგვარებთ პრობლემებს.
ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ მაშინ, შეგახსენებთ, რომ ბათუმში გამოვუყავი 5 მილიონი ლარის დაფინანსება. სრული მხარდაჭერა ჰქონდათ მათ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება დამატებით.
ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის გამოვყავით მაშინ დაფინანსება, ასევე მუფტისთვის ცალკე რეზიდენციის შექმნა და ვმუშაობდით სასწავლებლის შექმნაზე. ეს პროექტი, ბოლო წლების განმავლობაში გაიწელა, მოგეხსენებათ მე არ ვიყავი მთავრობაში ბოლო 4-5 წელი ჩართული, აქედან გამომდინარე ამ პროექტებს ყველაფერს გავაგრძელებთ. ერთი თვის წინ მქონდა შეხვედრა ჩვენს მუსლიმ თემთან, მე მათთან ვმეგობრობ და კიდევ ერთხელ მინდა, რომ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა მათ კონკრეტული საქმით და შედეგებით და არა მხოლოდ საუბრით.
თქვენ იცით რომ მათთვის ძალიან ბევრი გამიკეთებია და ძალიან ბევრს გავაკეთებ კიდევ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რელიგიის სააგენტო, რომელიც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა,ძალიან ნაყოფიერად მუშაობს, საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებულ ძირითად რელიგიურ კონფესიებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს
მივიწყებულები იყვნენ, მისი პრემიერობის დროს დაფინანსება დაენიშნათ და დაგეგმილია მეჩეთების დაკანონება.
"ჩემს დროს შეიქმნა რელიგიის სააგენტო, ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებული ძირითად რელიგიურ კონფესიებს დავუნიშნეთ დაფინანსება, რომლებიც საერთოდ მივიწყებულები იყვნენ. თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების დროს რელიგიის მსახურები. არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ მათ, სწორედ ჩვენი მთავრობის დროს გამოეყოთ დაფინანსება და კიდევ ვაპირებთ გავუზარდოთ დაფინანსება წელსაც და გაისად კიდევ უფრო მეტი.
მინდა, რომ გამოვუყოთ რეზიდენცია, დაგეგმილი გვაქვს მეჩეთების დაკანონება, რომლებიც წლებია ჩამოკიდებულია ჰაერში და რატომღაც არ უკანონდებოდათ, არადა მათ სარგებლობაშია. ესეც დავალებული მაქვს და დავალებული მაქვს ასევე სხვა მიმდინარე პრობლემების მოგვარება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.